სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა.
საწარმო კომპანიის „ქართული ზეთისხილი“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ (348 500 აშშ. დოლარი) ფარგლებში გაიხსნა.
პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მლნ ლარია, ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა. ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
საწარმოს გახსნას პირადად პრემიერ-მინისტრიც დაესწრო და წარმოების პროცესსაც ადგილზე გაეცნო. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.
"ეს არის დიასპორული ინვესტიცია, საქართველოდან წასულმა ჩვენმა თანამემამულემ განახორციელა ინვესტიცია და გააშენა ზეთისხილის ბაღები, ჯამში არის 200 ჰექტარზე მეტი. აქ კახეთის რეგიონში გაიხსნა გადამამუშავებელი საწარმო. მან დაასაქმა 100 ადამიანზე მეტი და უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებით, ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ რეგიონში. ეს პროექტი მათ შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება,"- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საწარმოს წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ( საათში 10 ტონა) ზეთის ხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. აქ ნაწარმოები ქართული ზეთის ხილის პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია კარფურისა და სხვა საერთაშორიოსო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.
„ჩვენ ქართული ზეთისხილის კულტურის აღორძინებაზე ზრუნვა 7 წლის წინ, მისი უწმინდესობის, პატრიარქის და ქართული დიასპორის თანადგომით დავიწყეთ. ამ უნიკალურ პროექტში კომპანიებმა „ქართული ზეთისხილი“ და „ჯეო ოლივი“| რამდენიმემილიონიანი ინვეტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა. ქართული ზეთისხილის პირველი მოსავალს კი კომპანია საკუთარივე საწარმოში გადაამუშავებს. ძალიან ამაყები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით და დღეს საშუალება გვაქვს უნიკალური ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გავიტანოთ ის ექსპორტზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია ისიც, რომ ეს საწარმო კახეთში გაიხსნა, რითიც რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილები (დასაქმდა 100 ადამიანი) და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა. მომავალში ვგეგმავთ წიბწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებასაც, რათა წარმოება არმხოლოდ სეზონურად, არამეთ მთელი წლის განმავლობაში შევძლოთ. განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო მთავრობის (ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების) თანადგომა და ბიზნესორიენტირებულობა, რაც დამატებითი სტიმულია ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის“, აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც საქართველოში გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობს, ქვეყანაში უკვე განხორციელებული აქვს ინვესტიცია უძრავი ქონების, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში. ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა 18 მილიონი ლარია. ჯგუფს დასაქმებული ყავს 800 ადამიანი.