ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში პასკალ მენიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ნოდარ ხადურმა ბატონ პასკალ მენიეს მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა წარმატებულად წარიმართება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. საფრანგეთის ელჩის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას და საფრანგეთი კვლავ აქტიურად განაგრძობს საქართველოს ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით.
საფრანგეთის მთავრობისა და კერძო სტრუქტურების დახმარებით საქართველოში მიმდინარეობს მრავალი პროექტი, მათ შორის, ხდება როგორც საკურორტო (თეთნულდი), ისე სამოქალაქო (ჭიათურა) საბაგირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და განახლება.
ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარესა და საფრანგეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
ბატონი პასკალ მენიეს თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში გაიხსნება "საფრანგეთის განვითარების სააგენტოს" ოფისი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.