საქართველოში რძის პროდუქტების წარმოების მხარდასაჭერად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ძალისხმევას აერთიანებენ. ინიციატივა მიზნად ისახავს რძის სექტორის განვითარებას, რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და ფერმერების კომერციული მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, რათა სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტირებისთვის.
დღეს, EBRD-სა და FAO-ს მიერ ორგანიზებულ რძის პირველ ეროვნულ კონგრესს სასტუმრო რედისონში 150-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რძის სექტორის ექსპერტებმა, მასალებისა და ტექნიკური დანადგარების მომწოდებლებმა, მწარმოებლებმა და ფერმერებმა. ღონისძიება მიზნად ისახავდა რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობას, სურსათის უვნებლობის უახლესი სტანდარტების განხილვას და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ასევე ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებას სურსათის უვნებლობის ცვალებადი საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან 2014 წელს ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) და ამჟამად ახორციელებს სურსათის უსაფრთხობის სფეროში არსებული ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
FAO-მ და EBRD-მ საქართველოს რძის სექტორის დეტალური ტექნიკური და საბაზრო კვლევა ჩაატარეს ხარვეზების შესასწავლად და განვითარებისათვის მომავალი რეკომენდაციების დასადგენად. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს რძის პროდუქტების წარმოებაში დომინირებენ მცირე ზომის მწარმოებლები, მოძველებული საწარმოო ტექნიკითა და ჰიგიენის დაბალი სტანდარტებით. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ქართულ რძის მწარმოებელ ფერმებს შეუძლიათ 35%-ით გაზარდონ პროდუქტიულობა და გააუმჯობესონ რძის ხარისხი, მხვილი ინვესტირების გარეშე, თუ ადგილობრივ ფერმებში გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები და ფერმების მენეჯმენტი. სწორედ ამ კვლევაზე და რეკომენდაციებზე გამახვილდა ყურადღება კონგრესის ფარგლებში.
„საქართველოს შესაშური საინვესტიციო გარემო და იდეალური აგრო-კლიმატური პირობები გააჩნია რძის პროდუქტების საწარმოებლად. მოთხოვნაც მაღალია რძეზე, ყველსა და სხვა რძის პროდუქტებზე“, - განაცხადა ვიქტორია ზინჩუკმა, EBRD-ის აგრობიზნესის მრჩეველთა განყოფილების უფროსმა.
„საქართველოში მოხმარებული რძის მხოლოდ 5 პროცენტი იყიდება კომერციული მწარმოებლების მიერ, ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი თითქმის 100 პროცენტია“, - აცხადებს ანდრეი იარმაკი, FAO-ს საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტი.
„ქართული რძის პროდუქტების წარმოების უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესება წაახალისებს დარგში ახალი ინვესტიციების მოზიდვას. ამას გრძელვადიან პერიოდში მოჰყვება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება“, - აღნიშნა მამუკა მესხმა, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
FAO და EBRD უახლოეს დღეებში დაიწყებენ სპეციალურ ტრენინგებს რძის პროდუქტების ქართველი მწარმოებლებისთვის. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ რძის წარმოების მსოფლიო გამოცდილებას და ანალოგიური სისტემის შექმნის საშუალებებს საქართველოში, ასევე, გაიგონ უფრო მეტი რძის წარმოების ყველაზე ეფექტიანი ტექნოლოგიების შესახებ.
პროექტის ფარგლებში ასევე დაიბეჭდება პრაქტიკული სახელმძღვანელო რძის წარმოების გაუმჯობესებით დაინტერესებული პირებისთვის.
EBRD წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან EBRD-ს 2.66 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული 188 პროექტის დაფინანსების გზით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. მისი კაპიტალდაბანდების 88% კერძო სექტორშია განხორციელებული.
საქართველოში FAO-ს მანდატია - ქვეყნის სურსათის უვნებლობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. FAO-ს პრიორიტეტები ასახავს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშრიდება. FAO ეხმარება საქართველოს მთავრობას ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს შექმნასა და განვითარებაში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად.