გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ჟან-მარკ ერო უკრაინის ხელისუფლების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დასადასტურებლად კიევში ჩავიდნენ.
გასულ კვირაში უკრაინის პროდასავლურმა კოალიციამ დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა, რაც იწვევს შეშფოთებას პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხის გამო. რადიო თავისუფლება გერმანიის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგზე“ დაყრდნობით წერს, რომ შტაინმაიერი და ერო ერთობლივ წერილში, აქებენ უკრაინის მიერ ჩატარებულ რეფორმებს, მაგრამ ამავე დროს კიევს მოუწოდებენ კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებისაკენ.
ორი მინისტრი როგორც აღნიშნავს, რეფორმები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათში „ქვეყნის ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა“ უნდა მონაწილეობდეს. საფრანგეთისა და გერმანიის მინისტრების წერილში საუბარია აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე.
ორ წელიწადში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9100-ს აღემატება.