საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2017 წელს ახალი საპენსიო სისტემა ამუშავდება, რომლის მოდელიც უკვე მზად არის. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო პაკეტზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საპენსიო სისტემა, რომლის მოდელიც მზად არის. ჩვენ ახლა საკანონმდებლო პაკეტზე ვმუშაობთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ასევე, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც პარალელურად განხორციელდა. ეს ორი ფუნდამენტური რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის. აქვე, მინდა ვთქვა, რომ მთავრობა - კონკრეტულად, მე ვგეგმავ, რომ პირადად ჩავერთო ქვეყნის გარეთ საინვესტიციო ვიზიტებში იმისთვის, რომ მოხდეს არა მხოლოდ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პრომოცია, არამედ მოხდეს კონკრეტული პროექტების პრომოცია, რათა ინვესტორები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პრემიერა და ბიზნეს ასოციაციის წევრებს ამ პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.