დღეს ფინანსთა სამინისტროში სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს სოლიდარობის ფონდის 2014-2017 სტრატეგიული გეგმით განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა და ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ.
მათი ინფორმაციით, 2016 წლის 31 იანვრის მონაცემებით, ფონდში სულ ჩარიცხულია 5.7 მილიონი ლარი. ამ ეტაპისთვის, დამტკიცებულია 22 წლამდე 215 ბავშვისა და ახალგაზრდის 7.9 მილიონი ლარის მოცულობით მკურნალობის დაფინანსება. აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულია 55000-ზე მეტი საჯარო მოხელე, მათ შორის არიან ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აღნიშნული ფონდის საქმიანობის მნიშვნელობაზე და როგორც სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაერთონ დონაციაში, რათა მოხდეს რაც შეიძლება მეტი ბავშვისა და ახალგაზრდის გადარჩენა.
„მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მეორე წელია მოქმედებს. მიხარია და ვამაყობ, რომ ამ საქმეში ჩვენი თანამშრომლების წვლილიცაა. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა გამოჩენილი გულისხმიერებისათვის და ვთხოვო კვლავაც აქტიურად ჩაერთონ ამ საქმეში. ასევე, ვთხოვ ბიზნესმენებს, ჩვენს მოქალაქეებს - თქვენ მიერ ყოველთვიურად გადახდილი თუნდაც მცირედი თანხა ყველაზე ძვირფასს - ბავშვების სიცოცხლეს მოხმარდება. შარშან ამ ვერაგი ავადმყოფობის მსხვერპლი უსახსრობის გამო არცერთი ბავშვი არ ყოფილა, თუმცა ჩვენს დახმარებას კვლავ ბევრი ელის...“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სახელმწიფოს, საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით შეიქმნა და მისი მიზანია, კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი მოქალაქეებისათვის ალტერნატიული/ არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზაცია.