საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა ვარშავის სამიტიც იქნება. თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ვარშავის სამიტისთვის ხელისუფლებამ სინქრონიზაციით უნდა იმოქმედოს.
„ვარშავის საკითხს რაც შეეხება, ერთადერთი თემა რაზეც იქნება საუბარი, არის ის, რომ აბსოლუტური შესაძლებლობის ფარგლებში სინქრონიზაცია მოვახდინოთ ქმედებების, იმიტომ რომ, მთავრობაში ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე შეთანხმებული ვართ, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, დავით ბაქრაძის უწყება სრული სინქრონიზაციით, ერთიანი გეგმის ფარგლებში ვმოქმედებთ. ეს გადაწყვეტილებები დიდი ხანია მიღებული გვაქვს.
ახლა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ უშიშროების საბჭოში, მთავრობის წევრების გარდა სხვა წევრებიც არიან, არიან სხვა უწყების წარმომადგენლები - პარლამენტარები და თავად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი. ჩვენ გვინდა, რომ გავაცნოთ ის სამოქმედო სტატეგია, რაც მთავრობაში გვაქვს მიღებული, იმისათვის, რომ მთავარი ინტერესი არ დაზიანდეს, ყველამ ერთად გაწერილი სისტემით ვიმუშაოთ მთავარი მიზნისთვის, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იყოს უფრო დაცული, ვიდრე დღეს არის“, -განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს პრეზიდენტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.