საგანგებო შტაბის მორიგ შეხვედრას, რომელსაც აჭარის მთავრიბის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უძღვებოდა, ესწრებოდნენ აჭარაში საგანგებოდ ჩამოსული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და საქართველაოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.
საგანგებო შეხვედრაზე შტაბის წევრები პირადად გაეცნენ ინფორმაციებს ქალაქის მერიის სხვადასხვა სამსახურების მუშაობისა და რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამ დროისათვის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე თოვა შეჩერებულია. ღამის განმავლობაში დაფიქსირდა ძლიერი ყინვა, რის შედეგადაც ბათუმში ნურიგელის ტბას ყინულის თხელი საფარი გადაეკრა. ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სტრუქტურული ერთეულები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები.
მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ნომრებზე: 27 26 09; 24 22 22.
თოვლსაწმენდი ტექნიკა აგრძელებს მუშაობას ქალაქის მთელ ტერიტორიაზე. ერთდროულად იწმინდება ქუჩები ქალაქის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში. პარალელურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა ჭაობის დასახლებაში. შეუფერხებლად ხორციელდება წყალმომარაგება როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებისათვის. მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეზღუდვებით. ბათუმის გამწვანებისა და ლადნშაფტური დაგეგმარების და სანდასუფთავების სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ თოვლის საფარისაგან დაზიანებული ხეების გაწმენდაზე.
სულ აჭარის მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდაზე მუშაობს 52-მდე სპეცტექნიკა, მარტო ბათუმში 35 ერთეული ტრაქტორი, თოვლის საწმენდი და ყინულის საჭრელი მანქანაა გამოყვანილი. დამატებით მობილიზებულია დაქირავებული ტექნიკა.
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ბათუმი-ახალციხის მიმართულებით მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. გაიწმინდა და კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მძიმე ტექნიკა მუშაობს მწვანე კონცხის გვირაბთან და იყრება მარილი.
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ქ.ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო სკოლაში, ხოლო ქედაში 29 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი შეწყდა 22 საჯარო სკოლაში, შუახევის და ხულოში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
რეგიონის მოსახლეობა სრულყოფილად უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირითა და სასმელი წყლით. დიდთოვლობამ პრობლემა შეუქმნა აეროპორტს. ტექნიკის უქონლობის გამო ვერ მოხერხდა საფრენი ბილიკის გაწმენდა, რის გამოც გადაიდო რამდენიმე რეისი. ბოლო მონაცემებით აჭარაში შუქი არ მიეწოდება 2 927 აბონენტს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია დამატებითი ბრიგადები სამეგრელოდან, მიმდინარეობს ავარიული უბნების აღდგენითი სამუშაოები.