თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარემ - ალექსანდრე მარგიშვილმა ცენტრის გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას 2016 წლის გეგმები გააცნო. ანგარიშში წარმოდგენილი იყო გასულ წელს დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგები, რაც მოიცავს შემომყვანი ტურიზმის, ხალხური რეწვის და სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების კუთხით გაწეულ საქმიანობას. ასევე, მეწარმეთა უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების და საინვესტიციო რესურსების მოზიდვის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას.
„2015 წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისის მთავრობამ და საკრებულომ ცენტრს დაუმტკიცა 3 მუნიციპალური პროგრამა. ჩვენ სამივე პროგრამის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ღონიძიებები განვახორციელეთ. მათ შორის, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 4 სხვადასხვა ქვეყნის ტურ-ოპერატორებისა და მედია საშუალებების 10-12 წევრისგან შემდგარი ჯგუფების ჩამოყვანა - ჯამში 44 ადამიანი, რომლებიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ; ორგანიზებული იქნა ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან ბიზნეს ფორუმები. ამავდროულად გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები „ყაზახეთის ტურისტულ ასოციაციასთან“ და „ბელორუსის ტურისტული ორგანიზაციების კავშირთან“. „ხალხური რეწვის დარგის განვითარების“ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გასულ წელს კომისიამ დააკმაყოფილა 29 მეწარმე ბენეფიციარის განაცხადი გადაიარაღების თანადაფინანსებისთვის, გარდა ამისა 32 ბენეფიციარმა მონაწილეობა მიიღო 2-კვირიან საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში, სადაც საკმაოდ წარმატებულად შეძლეს საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია. ფაქტობრივად, მეწარმეთათვის 6 თვის სტანდარტული შემოსავლების გენერირება მოხერხდა 2 კვირაში. „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ჯერ-ჯერობით დაფინანსდა ერთი სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც ოპერირებას გაზაფხულზე დაიწყებს, მასშტაბით იქნება ყველაზე დიდი თბილისში - ეყოლება 2,000 მომხმარებელი და შექმნის 20 მუდმივი სამუშაო ადგილს. მუნიციპალური პროგრამების პარალელურად „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“ დაიწყო მუშაობა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებშიც 6 ბიზნეს სუბიექტს გაეწევა განვითარებისათვის კონკრეტული რეკომენდაციები და შემუშავდება სამოქმედო გეგმები მათი შემდგომი საქმიანობის წარმატებულად წარმართვის მიზნით. ასევე, სხვა 3 ბიზნეს სუბიექტისთვის საინვესტიციო რესურსების მოზიდვის ფარგლებში შემუშავდება დეტალური წინადადებები კაპიტალის მოზიდვის მიზნით. 2015 წელს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების პირველი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მენეჯმენტსა და მარკეტინგში გადამზადდა 100 ადამიანი“ - აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა.
პრეზენტაციაზე, ასევე წარმოდგენილი იქნა ცენტრის მიერ აღნიშნული მუნიციპალური პროგრამებისა და სხვადასხვა პროექტების ფარგლებში 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები და ახალი პროექტები. „2016 წელს დაგეგმილია აღნიშნული 3 მუნიციპალური პროგრამის გაგრძელება და მათ ფარგლებში დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. იგეგემება თბილისის თემატური ტურისტული კატალოგებისა და გზამკვლევების შექმნა, ტურისტული საინფორმაციო და სხვა სახის ინფრასტრქუტურის განვითარება, ღონისძიებების გატარება საზღვარგარეთ თბილისის ცნობადობის ასამაღლებლად. ხალხური რეწვის მიმართულებით, ევროკავშირის ეგიდით, ხალხური რეწვის საერთაშორისო სამიტის თანაორგანიზება, დამატებით 30 ბენეფიციარის გადაიარაღება, სარეალიზაციო არხების განვითარებისთვის უცხოელი საბითუმო მყიდველების თბილისში ჩამოყვანა, ხალხური რეწვის მაღაზიის ფუნქციონიორების უზრუნველყოფა და სხვა აქტივობების გატარება. სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმართულებით, იგეგმება 6 ახალი ცენტრის ამოქმედება, სადაც 75 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 6 ცენტრი 4,300 დამატებით მომხმარებელს მოემსახურება. გარდა ამისა დაგეგმილია ტრენინგების ორგანიზება ბიზნესის დაგეგმვისა და საგადასახადო საკითხებში, MICE საერთაშორისო ექსპერტის მასტერკლასის ორგანიზება, 40 „სტარტ-აპ“ ბიზნესისთვის კომპანიის შექმნა-განვითარებასა და სხვა სფეროებში თემატური ტრენინგების განხორციელება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია პროგრამის ამოქმედება სახელწოდებით „იაფი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ასევე მუშაობს „სტარტ-აპების“ განვითარების პროგრამაზე და სხვა ახალ მიმართულებებზე“ - აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა 2016 წლის გეგმებთან დაკავშირებით.
პრეზენტაციას დაესწრნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრები, ასევე იმ ეკონომიკური დარგების წარმომადგენლები, რომელთა მხარდაჭერაც „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ კომპეტენციაში შედის.