საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დავით ხუციშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ხუციშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით დაინიშნა.
დავით ხუციშვილს 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ხუციშვილს მიღებული აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება. მას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით.
მოგვიანებით, დავით ხუციშვილმა ESM-თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების კურსი დაასრულა.
1996 – 2012 წლებში დავით ხუციშვილს წამყვანი ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კერძო კომპანიებში, მათ შორის, საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებში. დავით ხუციშვილი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.