ოთხმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. კახა კალაძემ ერევანში საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციებს შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ” მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდასა და ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. მემორანდუმის მიზანია ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობის შექმნა, ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებისა და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც გაიმართა. კახა კალაძემ და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს.