საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით ძირითადად ზრდადი დინამიკით ხასიათდებოდა, ოქტომბერში კი, დაახლოებით 393 მლნ ლარი შეადგინა.
სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 57 მლნ-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ასეთი სესხების წილს კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში, თუ წლის დასაწყისში ვადაგადაცილებული სესხების წილი იყო 2%, 1 ნოემბრის მდგომარეობით არის 2.6% ანუ პრობლემური სესხების წილი გაზრდილია 0.6%-ით. ლარის გაუფასურებამ რომ საბანკო აქტივების გაუარესებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, ამას ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია. გიორგი ქადაგიძე გამოსავალს ეკონომიკურ ზრდაში ხედავს.