პარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
დეპუტატებმა საფინანსო დოკუმენტს კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. ბიუჯეტის პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 11 დეპუტატმა მისცა ხმა.
ბიუჯეტის პროექტზე მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა და საბიუჯეტო პარამეტრები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააცნო.
რაც შეეხება ბიუჯეტს, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფოს ფინანსური რესურსები ერთი მხრივ გადანაწილებულია სოციალურ მიმართულებებზე, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახსრები მიმართულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წელს შენარჩუნებულია საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი ნიშნული, ხოლო მომდევნო პერიოდში გათვალისწინებულია მისი ეტაპობრივი კლება. 2016 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 3.0%-ს შეადგენს.
2016 წლისათვის მობილიზებული რესურსი მათ შორის მიიმართება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდაზე.
კერძოდ, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით: 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 10,145.0 მლნ ლარის ოდენობით. შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 8 555.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი - 7 980.0 მლნ ლარს. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 255.0 მლნ ლარია, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 320.0 მლნ ლარს.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მთლიანი მოცულობა დაგეგმილია 10,145.0 მლნ. ლარის ოდენობით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 335.0 მლნ ლარს.