ოპოზიციონერი დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ქვეყანა იმ წუმპეში ბრუნდება, როცა ტრეფიკინგი ცხოვრების წესი იყო.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ხერხეულიძე პატიმების შეწყალების თაობაზე საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია საზოგადოებას წლებია არ სმენია.
მისი თქმით, ელისაშვილი პროკურატურაში იმ მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს, ვინც მისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას თანხის საფუძველზე მოითხოვდა.
„ეს ის ფაქტია, რაც შევარდნაძის შემდეგ არავის გვსმენია. შემაშფოთებელი განცხადებაა, როცა ქვეყნისთვის სამარკო ნიშანი კორუფცია ხდება. ეს განგაშს საჭიროებს. ის ადამიანები ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდნენ, რომლებიც შეწყალების კომისიის წევრებს პატიმრების შეწყალებას აიძლებდნენ“, - აღნიშნა ხერხეულიძემ.
კანონმდებელის ცნობით, ელისაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ მთავარ პროკურორს აცნობა.
„იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას ემოქმედა და ხელისუფლებისთვის ეს ადამიანები ჩამოეშორებინა, თამასა გაიზარდა და თანხა 200 ათასიდან მილიონამდე გაიზარდა. შევარდნაძის ეპოქაში დიპლომი და მართვის მოწმობა იყიდებოდა. ახლა შესაძლებელია ადამიანით ვაჭრობა და კონკრეტული პატიმარი კონკრეტული თანხა ღირს. ასევე საგანგაშო განცხადებაა, რომ პოლიტპატიმრების სია კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დაკომპლექტდა. ეს ერთი-ორი ადამიანის ტრაგედია არ არის და ეს სახელმწიფო ინსტიტიტუტების ჩამოშლაა. იმ წუმპეში ვბრუნდებით, როცა ტრეფიკინგი ცხოვრების წესი იყო“, - დასძინა ხერხეულიძემ.