საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი მიიჩნევს, რომ ადიგენის რაიონი ისჯება და თან უსამართლოდ.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩილინგარაშვილმა ყურადღება რაიონში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ადიგენში გაზიფიცირება სამი წელია შეჩერებულია.
მისი თქმით, მას ყველა პრემიერი შეჰპირდა, რომ გაზიფიცირება აგვისტოში დასრულდებოდა, მაგრამ მესამე აგვისტო გავიდა.
„შეჩერებულია აბასთუმნის უნიკალური კურორტის ინფრასტრუტურული შენებლობა. აბასთუმანის მოსახლეობა კი, მხოლოდ საკურორტო მომსახურებით ირჩენს თავს. ასევე შეჩერებულია გოდერძისა და საირმისკენ მიმავალი მშენებლობა, რის გამოც ადიგენი ისევ ჩიხად რჩება. საწარმო არ არსებობს, რომელიც ადიგენში მუშაობს და მოსახლეობა ვერ საქმდება, რის გამოც ხე-ტყე უმოწყალოდ იჩეხება“, - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.
კანონმდებელმა ადიგენის გამგებლების ისტორიაც გაახმოვანა და აღნიშნა, რომ რაიონს რამდნეიმე გამგებელი ჰყავს.
„რაიონს ორი გამგებელი, საკრებულოს ორი თავმჯდომარე, გამგებელის სამი-ოთხი მოადგილე ჰყავს. რატომ? - 2012 წელს, რაღაც გაუგებარი ბრალდებით ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს. მას ადგილობრივმა სასამართლომ რაღაც სასჯელი მიუსაჯა, მაგრამ ის სააპელიაციო და უზენაესმა სასამართლოებმა გაამართლეს და ეს ხალხი ათთვიან განაცდურს ითხოვს. ასევეა, საკრებულოს თავმჯდომარეების შემთხვევებიც, რომლებიც თქვენმა საკრებულოს წევრებმა გადააყენეს“, - დასძინა დეპუტატმა.
ჩილინგარაშვილი ადიგენის დასჯის მოტივაციითაც დაინტერესდა.
„ადიგენი იმიტომ ხომ არ ისჯება, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია, ან მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან არის? თქვენს საქციელს უნიათობა კი არა, მავნებლობა ჰქვია. ხალხი სიღარიბის ზღვარზეა და მოგიწოდებთ, ადიგენ მაღალთიან რეგიონში დატოვოთ, რათა ხალხს რაღაც შეღავათი ჰქონდეს“, - დასძინა ჩილინგარაშვილმა.