სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO) 2013 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად განხორციელებული საქმიანობის შედეგებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს პირველ პირებთან შეხვედრები გამართეს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ფანგ ლიუსთან და საბჭოს პრეზიდენტთან ოლიმუივა ბერნარდ ალიუსთან 25 ნოემბერს, მონრეალში გამართული შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ ორგანიზაციის პირველ პირებს გააცნო საქართველოს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის შედეგები და დაადასტურა სააგენტოს მზადყოფნა დაუყოვნებლივ მიიღოს ICAO აუდიტი, რათა მიღწეული პროგრესი აისახოს ოფიციალურ მაჩვენებლებშიც. ამასთან ქართულმა მხარემ გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიიღოს ICAO-ს მიერ დეკლარირებულ ახალ ინიციატივაში - „No Country Left Behind“, რაც ითვალისწინებს ICAO-სა და წევრი სახელმწიფოების ერთობლივ ღონისძიებებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ფრენის უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების შემდგომი ამაღლებისა და იკაოს დანართებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის სრულად დანერგვის კუთხით.
როგორც ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ბენარდ ალიუმ აღნიშნა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განიხილავს საქართველოს გაუმჯობესებული მაჩვენებლების ჩამოუსვლელად დადასტურების (offsite validation) შესაძლებლობის საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ რომ დაამყარებენ აქტიურ კომუნიკაციას ამ მიმართულებით. შეხვედრას ICAO-ს პირველ პირებთან, საქართველოს ელჩი კანადაში - ალექსანდრე ლაცაბიძე ესწრებოდა.
მონრეალში ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობა ასევე შეხვდა აერონავიგაციული ბიუროს დირექტორს სტივენ კრიმერს და მის მოადგილეებს ფრენის უსაფრთხოებისა და უწყვეტი მონიტორინგის დარგში კატალინ რადუსა და ჰენრი გურჯის, ICAO-ს უსაფრთხოების აუდიტის განყოფილების უფროსს ნიკოლას რალოს და მის თანამშრომლებს. შეხვედრებზე დადებითად შეფასდა სააგენტოს ექსპერტების მუშაობა ICAO-ს სამუშაო ჯგუფებში. ამასთან, ორგანიზაციის მესვეურების მიერ გამოითქვა სურვილი, რომ სააგენტოს საერთაშორისო დონის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებიც თვისუფლად ფლობენ ICAO-ს მინიმუმ 2 სამუშაო ენას უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე მისიებში. მხარეების შეთანხმებით, ამ მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები ICAO-ს აუდიტორების გადამზადების კურსებს გაივლიან.