ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართვლოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დასრულების ეტაპზეა და ბიზნეს ასოციაციებს განხილვების დაწყებისთვის უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ.
,,პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონი არის შემუშავებული საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ის შემადგენელი კანონმდებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს ქვეყანაში. მე მინდა დავარწმუნო ყველა იმპორტიორი, რომ იმპორტი ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ეკონომიკის. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება ფასების სტაბილიზაცია, პროდუქციისა და მომსახურების მოწოდება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად ჩვენ ამ კანონს ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რათა გვქონდეს, ყველა ის შესაბამისი კანონმდებლობა რაც ჩვენ გვჭირდება და არა იმიტომ, რომ გამოვიყენოთ ის რაიმე სხვა მიზნებისთვის. გეტყვით, რომ დემპინგის დროს საჭიროა ინიცირება და აუცილებლად საჭიროა გამოძიება. სწორედ გამოძიების, უფრო სწორედ კი კვლევის რადგანაც ეს უფრო მეტად კვლევაა, დასრულების შემდეგ თუ დადასტურდა, რომ ეს არის დემპინგი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება."- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციაში აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, მათი შეფასებით, ამგვარი ნორმებით პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც მათ აღარ ექნებათ საშუალება ადგილობრივ პროდუქციაზე უფრო იაფი იმპორტული პროდუქცია შეიძინონ.