3 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში გამარჯვებულ მეწარმეებს, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის დაფინანსებულ ბენეფიციარებს შეხვდება. შეხვედრა ახალციხეში, სასტუმრო „ლომსიაში“ 13.00 საათზე ჩატარდება, პროგრამის რამდენიმე ბენეფიციარი საკუთარი ბიზნესის მოკლე პრეზენტაციას გამართვს. შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატებს გადასცემს, რამდენიმე მიკრომეწარმის ბიზნესს კი ადგილზე დაათვალიერებს.
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პროგრამაში - რეგიონში უკვე გაფორმებულია 153 ხელშეკრულება, აქედან უკვე დაფინანსებულია 114 ბიზნეს იდეა, რომელიც შექმნის 400-მდე სამუშაო ადგილს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი 2015 წლის მარტიდან დაიწყო, პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება. პროექტის მიზანია, მოხდეს რეგიონებში ახალი ბიზნესების წამოწყება, დაინერგოს ინოვაციები და ხელი შეეწყოს უკვე არსებული მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას.
პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, კერძოდ:
- ონლაინ რეჟიმში ბიზნეს იდეების რეგისტრაცია;
- ბიზნეს გეგმის წერის ტრეინინგი;
- შემდგომ წარდგენილი გეგმების განხილვა;
- დაფინანსება.
პროგრამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით - ჯამში უკვე 7846 ბიზნეს იდეა შემოვიდა, რომელიც 12 711-მა განმცხადებელმა წარმოადგინა. დღეის მდგომარეობით გამარჯვებულ ბენეფიციარებთან უკვე გაფორმდა 800 ხელშეკრულება. სახელმწიფო ამ 800 იდეის ასამუშავებლად 5 მილიონ 800 ათას ლარს გასცემს, ეს კი ჯამში 2960 ახალი სამუშაო ადგილია.
ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმისა, პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ტრენინგ/სემინარებსა და გადამზადების კურსებს. ეს მეწარმეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია ბიზნესის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შემდგომ მიღებული ინფორმაცია პრაქტიკაში გამოიყენონ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევით ბიზნესგეგმის წერის ტრეინინგს დაესწრო 3118 პოტენციური ბენეფიციარი.