სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, ასევე ტექნიკის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამნისტიის გამოცხადება იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებები - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ე.წ. ამნისტიის აქტის განხორციელების შედეგად, შესაბამის პირებს ჯამში დაახლოებით - 27 500 000 ლარის ფინანსური ვალდებულება ეპატიებათ და ამნისტიის აქტი სულ მცირე 8000-მდე პირს შეეხება.
ცვლილებებით, სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის უფლებით მიმღებ პირს სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო ეპატიება.
პროექტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ეპატიება გადაცემული ქონების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული გადაუხდელი პირგასამტეხლო და გათავისუფლდება ამავე თარიღამდე წარმოშობილი სარგებლობის გადაუხდელი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
ამას გარდა, კანონპროექტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენს, რომელსაც ქონება 100 ლარზე ნაკლებ ფასად არ აქვს გადაცემული, ეპატიება სახელშეკრულებო ვალდებულებების, მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.