დღეიდან 2 დღის განმავლობაში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის დარგში მოღვაწე პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაესწრონ მეწარმეობის განვითარების საკითხში მსოფლიო დონის ექსპერტის, ერნესტო სიროლის მასტერკლასს.
მასტერკლასს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შედეგად „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი პირები შეიძენენ ახალ უნარებს და გაიღრმავებენ ცოდნას. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სწავლების შედეგად მოხდება მეწარმეობის ხელშეწყობის მექანიზმების განსაზღვრა და ქართულ რეალობაზე მორგება.
სემინარის მონაწილეები გაეცნობიან მეწარმეობის ხელშეწყობის ორგანიზაციის პროგრამას, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული მოდელით ხელმძღვანელობს და მომავალი მეწარმეებისა თუ არსებული ბიზნესის მფლობელების გადამზადებასა და მოტივირებას ემსახურება.
ერნესტო სიროლის საქართველოში ვიზიტი შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და Ernst & Young საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ მასტერკლასზე დასასწრებად გულდასმით შეირჩა აუდიტორია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ჩართულობა და სამუშაო, შედეგებზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, რაც თავის მხრივ, მონაწილეებს საშუალებას აძლევს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ზემოთ ხსენებული მიმართულებით, გაიზიარონ გამოცდილება და თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალურად გამოიყენონ მიღებული ცოდნა და იზრუნონ საერთო ეკონომიკური თუ კერძო ბიზნესის კუთხით ვითარების გაუმჯობესებაზე.
ერნესტო სიროლის შესახებ: ერნესტო სიროლი ეკონომიკური განვითარების სფეროში მოღვაწე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, რომელმაც აღნიშნულ სფეროში საქმიანობა და ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა 1971 წლიდან აფრიკის საერთაშორისო მისიაში ყოფნისას დაიწყო, ამჟამად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და 1996 წელს თავისსავე დაარსებულ სიროლის ინსტიტუტს უძღვება, რომლის ძირითად დანიშნულებას მეწარმეებთან ერთად სამოქალაქო ლიდერთათვის ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების სწავლება და მოცემული გზით ეკონომიკური წინსვლის მიღწევა წარმოადგენს.