,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობას განაგრძობენ.
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, ირმა ინაშვილი აცხადებს რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ამ პროცესში გარემოსა და თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ. ისინი თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის გადადგომას ითხოვენ.
„ჩვენი მოთხოვნები არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, გადააყენონ თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები, აღძრან საქმე და დაიწყოს გამოძიება როგორ გაყალბდა არჩევნები საგარეჯოში და მეორე, შეიცვალოს საარჩევნო გარემო და დღესვე მოგვცენ გარანტიები, რომ შეიცვლება,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, 4 საათიდან, კანცელარიის შენობასთან მათი მხარდამჭერები შეუერთდებიან, ასევე მისი თქმით, რეგიონებსა და დიდ ქალაქებშიც დაიწყება შიმშილობის აქციები.
„დაახლოებით 5 დღეში, პარლამენტთან 200-ზე მეტი მოშიმშილე გამოხატავს პროტესტს,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მათი მოთხოვნაა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლა.
„ჩვენი მოთხოვნები სააპელაციო სასამართლომ ა დააკმაყოფილა. ამასაც ველოდით, იმიტომ რომ სასამართლო სამწუხაროდ პოლიტიკური იარაღია დღევანდელი ხელისუფლების ხელში,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.