თავისუფალ ტურისტულ ზონებში ინვესტორთა საქმიანობასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა.
შესაბამისი ცვლილებები - „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შედის. საინისტროს შეფასებით, ცვლილებები პოზიტიური სიგნალი იქნება იმ ინვესტორთათვის, რომლებიც თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი.
პარლამენტში წარდგენილი პროექტი ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურისა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე ვრცელდება.
კერძოდ, ცვლილებებით, კანონის მოქმედების სფერო ფართოვდება და იგი არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონებაზე გავრცელდება, რაც ინვესტორებს საშუალებს მისცემს, დაინტერესების შემთხვევაში, უძრავი ქონება უშუალოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან შეიძინონ.
ამას გარდა, კანონპროექტით, ინვესტორები ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნებიან გათავისუფლებული.
ამასთანავე, პროექტით, სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დამატებითი ვადის ზედა ზღვარი – სამი თვე დაწესებული აღარ იქნება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, ინვესტორს, დადგენილ ვადაში სასტუმროს დაუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების მმართველი 3-თვიან დამატებით ვადას აძლევს.