ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბარი განმარტავს, თუ რის გამო მიმდინარეობს მოლაპარაკებები "გაზპრომთან", მისი თქმით კომპანია "სოკარს" ბუნებრივი აირით მოსახლეობის მომარაგების პრობლემა არ აქვს, მაგრამ დამატებითი კომერციული მოცულობის შემოტანის შესაძლებლობა არ გააჩნია.
"სოკარს" პრობლემა არ აქვს მიაწოდოს ბუნებრივი აირი მოსახლეობას და უზრუნველყოს სრულიად. რაც შეეხება დამატებით კომერციულ მოცულობებს, გასული წლების განმავლობაშიც შემოგქონდა დამატებითი კომერციული გაზი რუსეთიდან, იმიტომ რომ "სოკარს" არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ.
ვიცე პრემიერი "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მილანში გამართულ მორიგ შეხვედრაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დეტალებზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
"კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა იტალიაში. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ და დამატებით მივცეთ შესაძლებლობა კომერციულ სტრუქტურებს, შემოიტანონ ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.