საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი ოქტომბრისათვის 13.8 მლრდ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი, 425.5 მლნ ლარით ანუ 3.2 პროცენტით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
”სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 138.3 მლნ ლარით ანუ 1.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 287.2 მლნ ლარით, ანუ 5.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ 4.2 პროცენტი შეადგინა)”, - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
რაც შეეხება, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტს, სებ-ის ცნობით, ამ მაჩვენებელმა, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 31.93 პროცენტი შეადგინა - პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით 0.96 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.65 პროცენტული პუნქტით ნაკლები).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.0 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.9 პროცენტი შეადგინა.