თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჩინურ კორპორაცია Donfang Electric Corporation Limited-სა და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ შორის რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. გაფორმებული ხელშეკრულებებით საქართველოში მოცულობითი ჩინური ინვესტიციების განხორციელებაა გათვალისწინებული.
ქართულ და ჩინურ მხარეებს შორის ხელი მოეწერა „განზრახულებათა ოქმს - შეთანხმების თაობაზე“, რომელსაც ჩინური მხრიდან კორპორაცია Donfang Electric Corporation Limited-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლან ზე ჰაიმ, ხოლო ქართული მხრიდან „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათიესმა მოაწერეს ხელი.
ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა ძირითადი ხელშეკრულება - ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის კონტრაქტის შესახებ, რომელსაც ქართული მხრიდან ხელი კომპანია „ტყიბული 150“-ის დირექტორმა გივი ჭაჭიამ, ხოლო ჩინური მხრიდან ლან ზე ჰაიმ მოაწერეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოლეტროსადგურის მშენებლობის დაწყება მომავალი წლიდან არის დაგეგმილი. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 150 მეგავატი იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება ერთი მილიარდი კილოვატსაათი.
მხარეებს შორის ზემოთ აღნიშნული შეთანხმებების ხელმოწერის პარალელურად, ასევე გაფორმდა საქართველოს მთავრობას, „ელეტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ტყიბული 150“-ს შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც მთავრობის სახელით, ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოაწერა.
როგორც ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ კალაძემ აღნიშნა, დღეს საფუძველი მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა, რომელიც ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობას ეხება.
კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებისთვის, 200 მილიონი დაიხარჯება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბოელექტროსადგური საქართველოში მოპოვებულ ნახშირზე იმუშავებს, რაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, როგორც ნახშირის მოპოვების, ასევე, თბოელექტროსადგურის სამშენებლო პროცესში. შემდეგ, როდესაც სადგური დასრულდება, სამუშაო ადგილები შეიქმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგისთის, დაახლოებით მილიარდ კილოვატისაათი ელექტროენერგიის გამომუშავება იგეგმება. ამ პროექტის განხორციელებით, ასევე დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრის გაზის დაზოგვა მოხდება, რადგან გაზი ნახშირით ჩანაცვლდება.
„ვფიქრობ, პროექტი ძალიან წარმატებულია და მისასალმებელია ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ენერგეტიკის დარგში ანალოგიური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც 70 -იანი წლების შემდეგ საქართველოში აღარ ყოფილა“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.