ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ჩინურ კონმპანიებთან რიკოთის უღელტეხილზე ალტერნატიული გზის მშენებლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს საზოგადოებისთვის არაერთხელ მითქვამს, რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა. თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიცას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები ინტენსიურად გადაადგილდებიან ჩვენს ავტობანზე. 30–დან 50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ, თუკი შევთანხმდებით, რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე,"- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა აბრეშუმის გზის ფორმუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, საუბარია რიკოთს უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობაზე. საერთაშორისო ნორმების თანახმად, ახალი ჩქაროსნული გზატკეცილი შესაძლოა ფასიანი გახდეს, მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში.
ფასიანი გზის მშენებლობის შედეგად შესაძლებელი გახდება არსებული გზის განტვირთვა და სატრანზიტო მიმოსვლის გაუმჯობესება, რაც შემოსავალს მოუტანს ქვეყანას.