ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "აბრეშუმის გზის ფორუმზე", გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც ყველა სფეროში ინვესტიციების მოლოდინს ქმნის.
,,დელეგაციების ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს, მათ შორის იყო გზავნილები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის. ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში, დეკლარაცია, რომელიც იქნება მიღებული აღნიშნულ ფორუმზე, ყველა ის სამთავრობო თუ კერძო სექტორის შეხვედრები, რომელიც განხორციელდება ფორუმის ფარგლებში, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ინვესტიციებს ელოდებიან ყველა მიმართულებით, პირველ რიგში კი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
მისი ინფორმაციით, ჩინეთის მხარეს აქვს შექმნილი აბრეშუმის გზის ფონდი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მიმართულები ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის.