პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში პენსიის ზრდის რესურსი არსებობს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ხუნდაძემ განაცხადა, თუკი მთავრობის მიერ პრიორიტეტები კარგად დალაგებული იქნება, პენსიის ზრდის რესურსის პოვნა შესაძლებელია.
„პენსიის ზრდა ის საკითხი არ არის, რომ ვინმეს ამ პრობლემის მოგვარება არ უნდოდეს, ან ეადვილებოდეს. ერის დაბერების აქტივობა საკმაოდ დიდია და პენსიონერების რიცხვი გაზრდილია. პენსიონერებს შვებას ეკონომიკური და ფინანსური ვითარება არ აძლევთ. წინასწარ იმის გათვლა რთული იყო, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა და ნავთობზე ასეთი ფასები იქნებოდა, მაგრამ 800 000 პენსიონერიდან ისეთი კატეგორიებიცაა, რომელთაც უფრო მეტი ფინანსური დახმარება სჭირდებათ. სოციალურად დაუცველი პენსიონერები მოსახლეობის 10-12 პროცენტია, რაც საყურადღებო ციფრია, მაგრამ ეს რეალობაა. ჩემი მოსაზრებით, ის რესურსები უნდა მოვძებნოთ, საიდანაც პრობლემის მოგვარება შეიძლება. როცა ამ თემას შევეხე, დავინახე, რომ თუ პრიორიტეტებს კარგად დავალაგებთ, რესურსის პოვნა შეიძლება“, - განაცხადა ხუნდაძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ცნობით, მთავრობა მზად არის, პენსიის ზრდის თაობაზე პარლამენტთან კონსულტაციები გამართოს.