თბილისში, 541 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების სიის გამოქვეყნება გადაიდო, რის მიზეზადაც სამინისტრო ამჯერად ახალი გარემოებების აღმოჩენას ასახელებს.
ახალგაზრდული ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ოლიმპიური სოფლის კომპლექსში რვა კორპუსის დევნილებისთვის საჩუქრად დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ჯერ კიდევ ოლიმპიადის დაწყებამდე გააკეთა.
"მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ფესტივალის დასრულებისთანავე ამ არაჩვეულებრივ კომპლექსს საჩუქრად გადავცემთ ჩვენს დევნილებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი დევნილთა მინისტრმა განაცხადა, რომ დევნილები "ოლიმპიურ სოფელში" ბინების მიღებას ოქტომბრის ბოლომდე შეძლებდნენ. სოზარ სუბარის განმარტებით, ოლიმპიური სოფელი დევნილების ჩასახლებისთვის, წესით სექტემბერში უნდა ჩაბარდეს, თუმცა მისი თქმით, სამშენებლო კომპანიამ გარკვეული დრო ითხოვა.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბინების განაწილების კომისიის მუშაობისას აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო, თბილისში, დევნილთათვის ბინების განაწილების სია 2015 წლის 5-10 ოქტომბრის ნაცვლად, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება”, - აცხადებენ ამჟამად სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:
ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.
თბილისში ჰუალინგ ჯგუფისა და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ობიექტებზე ბინების მიღებისმოთხოვნით განაცხადი 13 000 დევნილმა ოჯახმა შეავსო. სიების დაზუსტების პროცესში აღმოჩნდა, რომ ბევრმა განაცხადი ორჯერ ან მეტჯერ შეავსო ან ოჯახების გაერთიანება განაცხადის შევსების შემდეგ გადაწყვიტეს, რამაც გამოიწვია აპლიკანტების რაოდენობის შემცირება.
საბოლოო მონაცემებით თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 10 010დევნილი ოჯახი ელოდება ბინის მიღებას.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მინიჭებული ქულების საფუძველზე, შეირჩა ყველაზე მაღალი ქულების მქონე ის დევნილი ოჯახები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს.
მონიტორინგის სამსახური 18 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე მუშაობდა, რის შემდეგაც მოკვლეული მასალები, განსახილველად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. ამ კომისიის მუშაობა კი დღეს, 21 სექტემბერს იწყება და ის 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია „თანხმობა“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისთვის.
მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს. გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება, თუ კონკრეტულად, რომელ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ ბინები.
გადასაცები ბინის ოთახების რაოდენობა სულადობის მიხედვით განისაზღვრება. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი და ოროთახიანი ბინების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა, შესაბამისად, ასეთი ტიპის ბინებზე გამსვლელი ქულების რაოდენობაც გაცილებით მაღალია სამ და ოთხოთახიან ბინებთან შედარებით.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარნენ:
1. ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინის პრეტენდენტები - 8 და მეტი ქულა;
2. სამოთახიანი ბინის პრეტენდენტები - 6,5 და მეტი ქულა;
3. ოთხოთახიანი ბინის პრეტენდენტები - 1 და მეტი ქულა.
კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდება 541 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.