ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტში სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას გეგმავს, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა, რომელმაც დღეს ბიუჯეტი დეპუტატებს გააცნო. ოპოზიციის შენიშვნაზე პენსიების ზრდის არგათვალისწინების შესახებ გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით დამატებითი ვალდებულებების აღება სახელმწიფოს არ შეეძლო.
„ეს არის იმ ვალდებულებების დაფინანსება, რომელიც სახელმწიფოს უკვე აღებული აქვს და სახელმწიფო ამ ვალდებულებების დაფინანსებაზე უარს არ იტყვის. ეს არის საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური დახმარებები, ჯანდაცვის პროგრამები და ასე შემდეგ. პენსიონერთა რაოდენობა წელს 40 ათასზე მეტით არის გაზრდილი, რაც დამატებით ხარჯს იწვევს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე შეზღუდვების დაწესებას ამ მიმართულებით. იმ პერიოდში როდესაც ქვეყნის გარშემო არის საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარება დამატებით სოციალური ვალდებულებების აღება სწორად არ მიმაჩნია,“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
10 მილიარდი ლარის მოცულობის, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს პარლამენტში მთავარ საფინანსო კომიტეტში მოხდა.