რუსული ავიაგამანადგურებლები მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავენ. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის მტკიცებით, ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა რუსეთს სირიაში სხვა სამიზნეები აქვს, საფუძველს არის მოკლებული. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა და ავიაიერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთმა სირიაში ავიადარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც ფედერაციის საბჭომ პუტინს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო ძალის გამოყენების უფლება მისცა, თუმცა როგორც მოსკოვი ირწმუნება, რუსეთი სახმელეთო ოპერაციებში ჩართვას არ აპირებს.