პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში საბჭოთა კავშირი დამთავრდა. "მინდა ყველამ, ვისაც ხელები ეფხანება, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინოს, იცოდეს - საქართველოში საბჭოთა კავშირი დამთავრდა და დამთავრდა იმ დროს, როცა საბჭოთა მილიციელის ქუდი და ფორმა ხუთჯვრიანმა დროშამ და ახალმა ქართულმა ფორმამ, ახალმა აზროვნებამ და თაობამ ჩაანაცვლა, რომელიც წარსულის უკან დაბრუნებას არ დაუშვებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართული აღლუმის ჩაბარების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, "საბჭოთა იმპერია, რომელიც ყველას დიდი ხნის გვამი ეგონა, ისევ შეტევაზეა და ცდილობს ბევრად მახინჯი ფორმით დაეპატრონოს იმ სივრცეს, სადაც ადრე ყოფილი საბჭოთა კავშირი იყო".
"საბჭოთა იმპერია შეტევაზეა. იმან, რაც ჩვენ დიდი ხანი გვამი გვეგონა, თავი წამოყო, გამოცოცხლდა, რადგან არ იყო ბოლომდე დამარხული და ცდილობს ბევრად უფრო მახინჯი ფორმით დაეპატრონოს იმ სივრცეს, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირი იყო", - განმარტა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მისივე შეფასებით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლომდე თავისუფალია საბჭოთა კავშირის რეჟიმისგან, სწორედ საქართველოა.
"მართალია, იმპერია ახლა დაპატრონებულია ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს ვერც მათ და ვერ აიღებს დანარჩენ საქართველოს, რადგან ჩვენი საზოგადოება ერთ მუშტადაა შეკრული, ქართული პოლიცია კი, მართალია არ გვინდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მას სათანადო პასუხს გასცემს", - განმარტა პრეზიდენტმა.