ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები სეზონს აგრძელებენ. წინა კვირის გმირი იყო რევაზ ჭანტურია, რომელმაც მაკედონიის სტრუმიცას შემადგენლობაში 13 გოლი გაუტანა ბოსნიის ბორაცს.
 
 სამხრეთ-აღმოსავლეთი ლიგის თასზე სტრუმიცამ ორჯერ ითამაშა - ჯერ სტუმრად 
 13-42 განადგურდა ზაგრებში, რაც შესაძლოა იმის ბრალი იყო, რომ მატჩამდე 
 მაკედონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ჭანტურიამ ამ თამაშში გოლი 
 ვერ გაიტანა. რაც მისთვის უიშვიათესი შემთხვევაა, მაგრამ უკვე შინ, 
 ბანია-ლუკას ბორაცთან 13 ბურთი მარტო რეზომ შეაგდო, მათ შორის, ზედიზედ 6 - 
 პირველ ტაიმში (ზუსტი სტატისტიკა ასეთია: 12/7 კუთხიდან, 5/4 შვიდმეტრიანი, 
 2/2 სწრაფი გარღვევა). სტრუმიცა 27-30 აგებდა, მაგრამ 59-60 წუთებზე სამი 
 გოლი გაიტანა და მატჩი ფრედ დაასრულა - 30-30.
 
 სტრუმიცას, ისევე როგორც ნოვი სადის ვოივოდინას 6 მატჩიდან მხოლოდ 2 ფრე 
 აქვს. სერგო დათუკაშვილის სერბული კლუბი სეჰა-ლიგაზე ბელარუსში დამარცხდა 
 მეშკოვ ბრესტთან (22-31)  ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე შინ მოუგო რუსეთის 
 მედვედებს - 26-24. დათუკაშვილს ამ ორ მატჩში არ უთამაშია.
 
 თურქეთის ჩემპიონატში რატი მსხვილიძის გუნდი, თუთუნსფორ აქჩაბათი ჯერ 
 ანთალიასთან დამარცხდა (25-34, ქართველმა ინსაიდმა  1 გოლი გაიტანა), 
 მესამე ტურში კი პირველი მატჩი მოიგო შინ ანკარასთან  - 32-18. აქ რატიმ 
 უკვე 9 ბურთი შეაგდო, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ტრაბზონსფორიდან, 
 აზერბაიჯანელმა ოლეგ გეორგიევსკიმ - 7.
 
 რუმინეთის ჩემპიონატს  18 ქულით ლიდერობენ CSM ბუქარესტი და ოდორჰეი. 
 ოდორჰეიმ ზედიზედ მეევსე მატჩი შინ კელერაშის მოუგო - 29-27 (ვლადიმერ 
 რუსიამ 7 გოლი გაიტანა), მაგრამ მეშვიდე ტურში 22-26 წააგო ტარგუ ჟიუსთან 
 იმის გამო რომ აკლდა 3 ლიდერი, გორან კუზმანოვსკი, ლაზო მაინოვი და რუსია, 
 რომელმაც თამაში ოჯახური  პრობლემების გამო გამოტოვა.
 
 ლიდერებს 16 ქულით მიჰყვება სამი კლუბი - ბუქარესტის სტიაუა და დინამო, 
 ასევე შოთა თევზაძის  რეშიცა. ქართველი მეკარის კლუბი სეზონში პირველად 
 ტურდაში დამარცხდა - 23-24, შემდეგ კი შინ დინამო ბუქარესტი სძლია - 35-34.
 
 12 ქულით მეექვსე ადგილზეა ტიმიშოარას პოლიტექნიკა, რომელმაც ზედიზედ ორი 
 მატჩი მოიგო. ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა შინ დაამარცხა ფოჩანი (31-26) და 
 სტუმრად - ვასლუი (27-23). საქართველოს ნაკრების შუამარბმა 5 და 3 გოლი 
 გაიტანა და 7 მატჩში 37 დაუგროვდა.