"საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის დივერსიფიკაციით მიიღწევა”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.
მან მაგალითად მოიყვანა სინგაპური, ინდონეზია, ჩინეთი და განაცხადა, რომ ამ ქვეყანებს დღესაც გააჩნიათ ინდუსტრიული განვითარების პოლიტიკა.
,,ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს და გვიდასტურებს, რომ მხოლოდ მიზანმიმართული ინდუსტრიული პოლიტიკით არის შესაძლებელი მიიღწეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და და შესაბამისად, ის დივერსიფიკაცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ჩატარდეს დარგობრივი კვლევები, მოხდეს კომპანიების ტექნიკური დახმარება და ექსპორტის წახალისება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დივერსიფიკაციის ხელშეწყობას ექნება წარუმატებელი შედეგებიც გარკვეული მიმართულებით, თუმცა ამის ქვეყანას არ უნდა შეეშინდეს.
,,როდესაც ქვეყანა მიზანმიმართულად მოტივირებულია, ხელი შეუწყოს დივერსიფიკაციას, იქნება წარუმატებელი შედეგები გარკვეული მიმართულებით და ამის ქვეყანას არ უნდა შეეშინდეს. თუ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, აუცილებლად რაღაც შედეგი იქნება უარყოფითი, თუმცა ჯამურად შედეგი აუცილებლად დადებითია და ეს შედეგი ნაჩვენებია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი" შეიქმნა ერთი წლის წინ და წარმოდგენილი პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება არის დაახლოებით 80 მილიონი დოლარი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირდაპირ შესაძლოა დასაქმდეს ათასამდე ადამიანი და დამატებით, ასევე შესაძლოა დასაქმდეს რამდენიმე ათასი ადამიანი.
ეკონომიკის მინისტრი ბიზნესსექტორს "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" მიერ მომზადებულ საინვესტიციო პროექტებს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" აცნობს.