კომპანია „ჯეოსელი“ ირწმუნება, რომ „თელიასონერას“ ევრაზიის რეგიონიდან გასვლის შემდეგ, მომხმარებლები მხოლოდ ხარისხის გაუმჯობესებას იგრძნობენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ჯეოსელის” გენერალურმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ განაცხადა, რომ კომპანია კვლავინდებურად, გეგმის მიხედვით განაგრძობს მუშაობას და მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
,,კომპანია „თელიასონერამ“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 17 სექტემბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ ევრაზიის რეგიონში ოპერირების შემცირების, ხოლო დროთა განმავლობაში, მთლიანად დატოვების პორცესი უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება აღნიშნული პროცესის დასრულებას” - განაცხადა სმალინსკიმ.
მისივე თქმით, ,,ჯეოსელი” აგრძელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი მაღაზიების გახსნას, ასევე, იგეგმება გრძელვადიანი ლიცენზიის შეძენა, რომელიც საშუალებას იძლება მეოთხე თაობის ქსელი გააფართოვონ.
,,„ჯეოსელი“ კვლავინდებურად, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია, რაც იმ პასუხისმგებლობით სავსე ბიზნესის წარმოების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც „თელიასონერა“ საქართველოს ბაზარზე წლების განმავლობაში ახორციელებდა” - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე „ჯეოსელის“ პოტენციური მყიდველი ცნობილი არ არის, თუმცა „თურქსელმა“ გამოთქვა ინტერესი, რომ ევრაზიის ოთხ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეისწავლოს.