დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ARmeridans-ის მასშტაბური პროექტის, White Sails –„ თეთრი იალქნები“ პრეზენტაციას დაესწრნენ. პროექტის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირები, ქალაქის მერი, ასევე დეპარტამენტების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
კომპანია ARmeridans-ის პროექტი, White Sails, (თეთრი იალქნები) ქალაქის მასშტაბით მიმდინარე გრანდიოზული მშენებლობაა. 120 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და 6 აპარტ-ოტელი შენდება. კომპლექსის ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს. საქართველოში პირველად შემოდის სასტუმროების ინდუსტრიაში ნომერ პირველი კომპანია Interstate Hotels and Resorsts. (Interstate, 1960 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით, სასტუმრო ქსელის ოპერირებას ეწევა. მაგალითად ისეთების, როგორებიცაა: Starwood, Intercontinental, Hyatt, Holiday Inn, Marriott და სხვა.) კომპლექს White Sails-ის მართვას სწორედ საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთა ქსელი, Interstate განახორციელებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია AR.meridans-სა და კომპანია Interstate -ს შორის.
ობიექტი მნიშვნელოვანია არა მარტო ინვესტიციის მოცულობით, არამედ იმითაც, რომ მხოლოდ მშენებლობისას 300 ადგილობრივი დასაქმდება. მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს ყველა იმ მომსახურებას და ინფრასტრუქტურას, რაც ასეთ ელიტარულ ობიექტს უნდა გააჩნდეს და აშენებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ოთხ წელიწადში კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ კიდევ 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება. პროექტის ღირებულება 30 მილიონი დოლარია. კომპლექსის მშენებლობა ხელშეკრულების მიხედვით 4 წელიწადში უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და გრაფიკს 15 თვით უსწრებს. ამიტომ, კომპანია პროექტის ვადაზე დრე დასრულებას გეგმავს.
„ბათუმში განებივრებული ვართ ახალ-ახალი სასტუმროების მშენებლობით. წელს უკვე ეს მესამე ობიექტია, რომელსაც საფუძველი ეყრება. „მეტრო სითის“ გაფართოებით და „ეარ მერიდიანსის“ შემოსვლით ახალი ბულვარის განვითარებისთვის დიდი ნაბიჯი გადავდგით, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი ბრენდი შემოვიყვანოთ ჩვენს რეგიონში, ხელი შევუწყოთ ინვესტორებს და მოვიზიდოთ ისინი, გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ტურიზმი და ყველა მიმართულებით დავასაქმოთ ადგილობრივები,“ - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.