პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების შეხვედრას მიესალმება, სადაც ლარის კურსზე იმსჯელეს.
ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ტიპის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მომავალში განხორციელდება, ერთობლივ გადაწყვეტილებებს უნდა ემყარებოდეს.
„ჩვენ ვნახეთ შეხვედრა და შეხვედრის შემდგომი განცხადებები, სადაც საუბარი იყო ერთობლივი ქმედებების დაგეგმვაზე. ყოველთვის, როცა ერთობლივ ქმედებებსა და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გუშინ გამართულ სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.