საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაახლა რუბრიკა „ფოტორეპორტაჟი სარეაბილიტაციო ობიექტებიდან“, საიდანაც ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ყოველკვირეულად განახლებული ფოტომასალა.
დეპარტამენტის ინფორმაციით ახალ ალბომებში დაინტერესებული პირები იხილავენ ქვეყნის რეგიონებში ამ დროისათვის მიმდინარე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების შესახებ ვიზუალურ მასალას, რომელიც დეპარტამენტის კონტრაქტორი საზედამხედველო კომპანიების მიერ არის მოწოდებული.
დეპარტამენტმა დღეს წარმოადგინა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალა (18 სექტემბრის მონაცემები).
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი (კმ13-კმ22) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: გზის სავალი ნაწილის განახლებას, ბეტონის ქვედა საყრდენი კედლებისა და გაბიონის შეკეთებას, მდ. ცხენისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას. ასევე, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; მოეწყობა საგზაო ნიშნები; გზის სავალი ნაწილი მოინიშნება და ლითონის ბაგირით შემოიფარგლება.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ–ბეტონის დაგებისა და ბეტონის პარაპეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 263 010 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.