საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო დაკომპლეტებულია და უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, - ამის შესახებ, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ განაცხადა.
"ვუსურვებ მათ წარმატებებს ამ რთულ საქმეში. მათ საქმიანობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ რეფორმის წარმატებასთან დაკავშირებით, რაც ეროვნული ბანკის სისტემაში მოხდა და, რასაც იმედით ველით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭოს წევრები გახდნენ: ეფრემ ურუმაშვილი ხუთი წლის ვადით, ხოლო ეკატერინე გალდავა, ირაკლი კოვზანაძე და საშა ტერნესი შვიდი წლის ვადით.
საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ კი, მოხდება სააგენტოს თავმჯდომარის არჩევა.
"ეროვნული ბანკის შესახებ" ახალი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხვედველობის ფუნქციის გამოყოფასა და ახალი სააგენტოს ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს, კანონი "საკანონმდებლო მაცნეში" 10 სექტემბერს გამოქვეყნდა.
პარლამენტმა 3 სექტემბერს, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია. 10 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მას ხელი მოაწერა, რის შემდეგაც "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.