პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ლარის დასტაბილურების მიზნით იქმნება და არა ახალი მაღალხელფასიანი ჩინოვნიკების გასაჩენად.
კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენისას მეჭიაურმა კანდიდატებს მიმართა კითხვით - თუ არაფერი უნდა შეიცვალოს, რატომ დათანხმდით ან რატომ გაგიჩნდათ აქ წამოსვლის სურვილი?
„ოთხი თვეა, საკითხზე მსჯელობა მიდის. მიზანი იყო მომხდარიყო ფინანსური სტაბილურობა, რაც ლარის კურსზე უნდა ასახულიყო, რაც მოსახლეობას პრობლემებს შეუმსუბუქებდა. თუ არაფერი უნდა შეიცვალოს, რატომ დათანხმდით ან რატომ გაგიჩნდათ აქ წამოსვლის სურვილი? თუ ხართ იმის თანამოაზრე, რა პათოსითაც ამ კანონის შექმნა დაიწყო, რომ გაუმჯობესებულიყო მდგომარეიობა? თუ არ გაქვთ ამის იმედი, ეს ერთი კაცის დასაქმებისთვის კი არ შექმნილა“, - განაცხადა მეჭიაურმა.
ზედამხედველობის სააგენტოს ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ კანონში ჩადებული ყველა ბერკეტების გამოყენება მოხდება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
პარლამენტში დღეს ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრებს დაამტკიცებენ.
საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები.
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 7 წევრიდან 5-ს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით - სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.