15 სექტემბერი. 13:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „მომა თბილისი“ (რუსთაველის გამზ. 27) ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის (EPAC) დაფუძნების და წევრთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
კოალიცია შეიქმნა USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“(G4G) ინიციატივით და მისი მისია საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გზით ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს ხელშეწყობაა. EPAC-ის მიზანია კოალიციის ყველა წევრის შეკრება საერთო იდეის გარშემო და ახალი პოლიტიკის ინიცირება, რომელიც საზოგადოებრივ მოთხოვნებს პასუხობს.
კოალიციაში გაწევრიანებულია საქართველოში მოქმედი 33 ორგანიზაცია, მათ შორის, ბიზნეს ასოციაციები, სავაჭრო პალატები, ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებულ სტრატეგიულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრება, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.