11 სექტემბერს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის არჩევნებში 25 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვებულად ის დასახელდება, ვინც ხმათა 50%-ს პლიუს ერთ ხმას მიიღებს.
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ისტორიულად იმ წინამორბედი ორგანიზაციების სამართალმემკვიდრეა, რომლებიც მე-19 საუკუნის მიწურულიდან არსებობდნენ და ფუნქციონირებდნენ ძველი ბათუმის ფარგლებში.
როგორც ცნობილია, საზღვაო ნავსადგურთან არსებული ძველი რუსეთის იმპერიის დროინდელი საბაჟოს შენობის ფასადზე გამოსახული იყო მერკურის 3 მეტრიანი კვერთხი, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო პალატების სიმბოლოდ ითვლებოდა. ნიშანდობლივია, რომ ამავე შენობაში წლების განმავლობაში (შენობის დანგრევამდე) განთავსებული იყო აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგაც, 1921 წლიდან ქ. ბათუმში მოქმედებდნენ სასაქონლო ბირჟები, რომელთა სტრუქტურაში ჩამოყალიბებული იქნა საბროკერო-საექსპერტო ბიუროები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ 1936 წლის მაისამდე, მანამ საბჭოთა კავშირის სახკომვაჭრობაში შეიქმნა სავაჭრო-საშუამავლო კანტორები, რომლებმაც შეითავსეს სასაქონლო ექსერტიზის ჩატარებისა და წარმოების ფუნქციები და შემდგომში მათ ბაზაზე ჩამოყალიბდნენ სასაქონლო ექსპერტიზის ბიუროები, რომლებიც გახდნენ სავაჭრო პალატების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი.
ექსპერტიზის გადაცემამ და მათმა შეყვანამ სავაჭრო-სამრეწველო პალატების სისტემაში გააუმჯობესა ექსპერტიზების ჩატარების ხარისხი, რადგანაც ექსპერტები სისტემატურად იყვნენ დაკავებულები საქონლის ხარისხისა და რაოდენობის შემოწმებით, რაც აისახებოდა მათ კვალიფიკაციაზე, ასევე გამუდმებით მაღლდებოდა და იხვეწებოდა მათი პროფესიონალიზმი, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა სახის საქონელზე მეთოდიკების შემუშავების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების უნიფიკაციაში.
ამ პერიოდისათვის 1937 წელს საქართველოში და კერძოდ ბათუმში ჩატარებული იყო (სტატისტიკური მონაცემების თანახმად) 2400 ექსპერტიზა, რაც იმ დროისათვის შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
1990 წ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აჭარის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საგარეო-ეკონომიკური ფირმა „აჭარსაგარეოსერვისი“, რომელიც 2002 წლამდე, როცა შეიქმნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ“ თავის უფლებამოსილებას განახორციელებდა, საქართველოს პრეზიდენტის 1995 წელს გამოცემული ბრძანებულებით, სავაჭრო პალატების ფუნქციონირების შესახებ.
2006 წლის 16 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი (კორპორატიულად ორგანიზებული) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრა კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ“ და რომლის სამართალმემკვიდრენი გახლავთ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები.
დღეისათვის აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აჭარაში მოქმედი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც ნებაყოფლობით საფუძვლებზე აერთიანებს მეწარმეებს, ბიზნესმენებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, გამოდის რა მათი ინტერესების დამცველად სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების წინაშე როგორც აჭარაში, ასევე საქართველოსა და საზღვარგარეთ.