საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
კანონმდებლობისთანახმად, ხელმოწერილი კანონპროექტი ძალაში "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებისთანავე შევა.
ხელმოწერის მიზეზებზე განმარტება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს.
,,მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია", - აღნიშნა დავით პატარაიამ.
საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს, სებ-ის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.