ქართველი კაცისთვის თუ ვაზის გაჩეხვა ადვილია, ის ვაზს არ იმსახურებს, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანში გამართული საპროტესტო აქციასტან დაკავშირებით განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რთველის დაწყებიდან ამ დრომდე გლეხებს 4 000 ტონამდე ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვთ, ამ დღეებში კი რთველი აქტიურ ფაზაში შევა. მინისტრის განცხადებით, იგეგმება დედოფლისწყაროსა და სიღნაღში კოოპერატივების გაკეთება.
რაც შეეცება ყურძნის ფასებს, დანელია აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიზნესს ვერ უკარნახებს, თუ რა ფასი უნდა დაადონ ნედლეულს.
,,ნებისმიერი ფასი, რომელსაც სახელმწიფო დააფიქსირებს, ეს იქნება საბაზრო ფასიდან გამომდინარე. ბიზნესს აქვს თავისი მოთხოვნები და ჩვენ ვერ ვუკარნახებთ რა ფასი დაადონ ნედლეულს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში იქნება 60 თეთრი, რა ფასშიც სახელმწიფო ჩაიბარებს, იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორი არ ჩაიბარებს ამ ყურძენს. შავი ყურძნის შეთხვევაში კი ფასი იქნება 85 თეთრი. ეს არის ჩვენი მინიმალური ზღვრული ფასები", - განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, ეს ფასები გლეხებს თითქმის 100%-იან მოგებას აძლევს.
"ჩვენ დავთვალეთ თვითღირებულებები და დადგინდა ფასი. 5 ლარი კილოგრამი ყურძენი ვერავის ვერ დაუჯდება. ამ მოცემულობით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, წაგებას არავინ არ ნახავს", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მისი აზრით კახეთში აქციები მართულია.
"საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ პროცესები მართულია. ძალიან ორგანიზებულად ტარდება რამდენიმე აქცია, არის ახალი მუქარა ვაზის გაჩეხვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ქართველები და ქართველი კაცისთვის თუ ასე ადვილია, ის ვაზს არ იმსახურებს. ამ თემით სპეკულაცია მიუღებელია", - განაცხადა მინისტრმა.