აჭარაში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 47%-ითაა გაზრდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის განმარტებით, 2015 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელდა 89 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო პირდაპირი ინვესტიცია, საიდანაც 73.7 მლნ აშშ დოლარი უცხოური, ხოლო 15.3 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი კერძო პირდაპირი ინვესტიცია იყო..
”2015 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში აჭარაში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 47%-ით, ხოლო მიმდინარე წლის I კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით კი - 17%-ით.
2015 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში აჭარაში განხორციელებული ინვესტიციები მუნიციპალიტეტების მიხედით შემდეგნაირად გადანაწილდა: ბათუმი - 65 %-ი, შუახევი - 12%-ი, ხულო - 10 %-ი, ხელვაჩაური - 6%-ი, ქობულეთი - 5%-ი და ქედა - 2 %-ი.
რაც შეეხება ინვესტიციის გადანაწილებას სექტორების მიხედვით, არსებული მონაცემები ასეთია: ტურიზმი - 43%-ი ,ენერგეტიკა - 29%-ი, მშენებლობა - 20%-ი და სხვა დანარჩენი სექტორები კი 8%-ი.
”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეადგენს 73.7 მლნ აშშ დოლარს. უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი განხორციელდა ტურიზმის (48%), ენერგეტიკისა (36%) და მშენებლობის (9%) დარგებში”,- აღნიშნა დავით ბალაძემ.
2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნებია: თურქეთი (42%), ნორვეგია და ინდოეთი (28%).