საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე საპოლიციო აღსრულების გაუქმება ბიზნეს გარემოს გააუარესებს და საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხს შეამცირებს.
„საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას - ეფექტურად დაიცვან თავიანთი საკუთრება უკანონო ხელყოფისაგან და ხელშეშლისაგან; შემოთავაზებული ცვლილებებით კნინდება უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის როლი და რეესტრის სისწორის პრეზუმფცია, რადგან მიუხედავად საკუთრების რეგისტრირებული უფლებისა, ყოველ სადავო შემთხვევაში, მესაკუთრე იძულებული გახდება თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ეს კი დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დროსთან“, – აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაცია მიუთითებს, რომ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი სირთულეების წინაშე დააყენებს არა მარტო ბიზნესს, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც თავის საკუთრებას ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს.
ბიზნესის წარმომადგენლები პარლამენტს ახსენებენ, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას, რაც ბუნებრივად მოიცავს საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლის აღკვეთის ეფექტური მექანიზმების არსებობასაც.
„აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კანონმდებლებმა გაითვალისწინონ ბიზნეს სექტორთან უკვე გამართული კონსულტაციების შედეგები და მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება რათა თავიდან იქნას აცილებულ საკუთრების უფლების დაცვის გარანტიების შესუსტება და ბიზნეს გარემოს გაუარესება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ინიციატიცა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
საკითხის განხილვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო და მხოლოდ 8 სექტემბერს განახლდა, როდესაც საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
პროექტი ითვალისწინებს, უძრავი ქონებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობის გაუქმებას.