საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს აბულფას გარაევს შეხვდა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ წამოაყენა წინადადება აზერბაიჯანი-საქართველოს ერთობლივი ტურისტული მარშუტების შექმნაზე.
”ასეთი მარშრუტები ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. ტურისტების მოსაზიდად არამხოლოდ რეგიონალურ, არამედ მსოფლიო დონეზე. მთელ რიგ მსგავს სპეციფიკურ მომენტებს შეუძლია ორივე ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა”- განაცხადა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა.
აზერბაიჯანულ მხარეს ასევე ქონდა ინიციატივა საჰაერო, სარკინიგზო და სხვა სახის სატრანსპორტო საქმიანობის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აზერბაიჯანულ მხარეს გააცნო ის ტურისტული პროექტები, რომელის რეალიზებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აზერბაიჯანში ვიზიტის მთავარ მიზანს საქმიანი ტურიზმის - MICE ტურიზმის სფეროში გამოცდილებების გაზიარება და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის კონკრესბიუროს საქმიანობის შესწავლა იყო.