ბიზნესომბუდსმენის აპარატს, უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია და საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენილი სახით მიღება გაუმართლებლად მიაჩნია.
როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყება იზიარებს იმ პოზიციას, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა უფრო მაღალი სტანდარტია, ადმინისტრაციულ წესთან შედარებით, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას დავუქვემდებაროთ.
”საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (საკუთრების უფლება) შინაარსიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულება შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების სწრაფ და ეფექტურ დაცვას. შესაბამისად, კონსტიტუციით, საკუთრების უფლების დაცვის ექსკლუზიური უფლების მქონედ მხოლოდ სასამართლო არ მიიჩნევა.
ამასთან, გასათვალისწინებელია სასამართლო სისტემაში დღეს არსებული ვითარება - საქმეთა სიმრავლის გამო, საქმის განხილვის დროში გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრების უფლების დაცვის ამ მექანიზმის ეფექტურობას.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე (სასამართლოში საქმეთა განხილვის გახანგრძლივების რისკის აღმოფხვრამდე) არანაკლებ 3-5 წლის განმავლობაში, უნდა შენარჩუნდეს საკუთრების უფლების დაცვის არსებული სტანდარტი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება, რაც გულისხმობს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ადმინისტრაციული წესით (საპოლიციო და სააღსრულებო წესით) აღკვეთის შესაძლებლობას”, აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.
გიორგი გახარიას უწყებაში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე ეტაპზე, ალტერნატივის სახით უნდა შეიქმნას ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო წესით უფლების დაცვის უფრო ეფექტური საპროცესო მექანიზმი, რაც საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, საქმის განხილვის ვადის 1 თვემდე შემცირებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის დადგენისა და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას გულისხმობს.
”ამდენად, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წინადადებების (რაზეც გუშინდელი შეხვედრის მონაწილეებმაც ისაუბრეს) გაზიარება, მოცემულ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალია”, აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საპოლიციო გამოსახლების აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა გვიანობამდე გაგრძელდა.
სხდომას საბანკო სფეროს, მიკრო საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათი აზრით, დოკუმენტი ბევრ ხარვეზს შეიცავს და დასახვეწია. როგორც აცხადებენ, ის გააჭიანურებს გამოსახლების პროცესს და პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოსა და მესაკუთრეს.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს თანხმობის გარეშე ე.წ. საპოლიციო წესით პირს ვეღარ გამოასახლებენ.