კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება. ებრაული ინვესტიციით, თბილისში, გერგეთის ქუჩაზე ბუტიკ სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. „გერგეთი” სტუმრების მიღებას უკვე 2017 წლიდან შეძლებს და პროექტის განხორციელება კომპანია Kass Boutique Hotel Group-ს, წინასწარი მონაცემებით, 25 მლნ დოლარი დაუჯდება.
სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მის შემდგომ, სულ 200 ადამიანი დასაქმდება.
მშენებლობის დაწყებას თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ისრაელის დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაში ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი იყო, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, რისთვისაც მხარეებს შორის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
”დღევანდელი დღე ისრაელისა და საქართველოს მთავრობების, ისრაელის ბიზნეს პალატისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგია. ეს არის ის მოდელი, რითაც ჩვენი კავშირები ეკონომიკის სფეროში უნდა განვავითაროთ. ჩვენი ინვესტორები საქართველოში ჩამოდიან და ამით ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება”- განაცხადა ხილიკ ბარიმ.
სასტუმროს მშენებლობის დაწყებას დღეს დედაქალაქის მერი ესწრებოდა, რომელიც ისარელში ოფიციალური ვიზიტით უკვე იმყოფებოდა და ებრაულ ბიზნესსექტორთან შეხვედრებიც გამართა.
დავით ნარმანია აცხადებს, რომ ებრაული მხარე თბილისში უახლოეს პერიოდში, 6 პროექტს განხორციელებს. საუბარია ტურისტული ინფრასტრუქტირის შექმნაზე, რისთვისაც 100 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
”ასევე აღსანიშნავია, რომ ებრაული მხარის ხელშეწყობით აშენდება კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - Art Hotel-ი, რომლის ინვესტიციის საერთო მოცულობაც 12 მლნ დოლარს შეადგენს. რამდენიმე თვეში დასრულდება Rustaveli Boutque Hotel-ის სარემონტო სამუშაოები. მიმდინარეობს ასევე Rixos Tbilisi-ს მსენებლობა. მაღალი კლასის სასტუმროები თბილისში ქალაქის მერიას სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან ჩვენ გვაქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. ტურიზმის განვითარება კი დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია”-, აღნიშნა დავით ნარმანიამ.