საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველად საქართველოში შენდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავიაციო ნაწილების საწარმო.
,,საწარმოში მაღალტექნოლოგიური მასალებისაგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილები, რომლის მომხმარებლები აქნებიან ისეთი მსოფლიო გიგანტები, როგორიცაა Boeing-ი, Bombardier-ი, Sukhoi, Airbus-ი. საწარმოში წარმოებული პროდუქცია, რა თქმა უნდა, მთლიანად გავა ექსპორტზე", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT SYSTEMS -ის პარტნიორობით.
"ELBIT SYSTEMS-ი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი.
ჩვენთვის ძალიან საპატიოა, რომ ამ კომპანიის პრეზიდენტი ბატონი მაჰლი დღეს ჩვენთანაა, ასეთმა მნიშვნელოვანმა კომპანიამ გამოგვიცხადა ნდობა და ასეთი მოცულობის ინვესტიციას დებს საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 85 მილიონი დოლარია.
"საწარმოს გახსნა დაგეგმილია 2017 წლისათვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო ფონდის - საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ფონდს სოლიდური თანამონაწილეობა აქვს ამ პროექტში, რომელშიც იგი 40 მილიონი დოლარით შედის.